ახალი ამბები
ქალთა სამშვიდობო ორგანიზაცია ქართველებსა და ოსებს შორის გაუცხოების წინააღმდეგ
დღეს, 8 მარტს, სამშვიდობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" არსებობის 10 წლისთავს აღნიშნავს. მისი წევრები ის ადამიანები არიან, რომლებიც ომმა დევნილად აქცია. მასში, დაღუპული და შშმ პირად ქცეული მებრძოლების მეუღლეებიც გაწევრიანდნენ. ორგანიზაციის წევრების თავს გადახდენილი ამბები კონფლიქტის გარშემო ტრიალებს.

,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" 2008 წელს დაფუძნდა. მისი დამაარსებლები იყვნენ მანანა მებუკე და ცხინვალელი ლირა კოზაევი-ცხოვრებოვა. ქართველი და ოსი ქალები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში ხვდებოდნენ. პირველი ასეთი შეხვედრა 2008 წლის ომიდან სულ მალე ბაქოში მოაწყეს და გეგმებიც დასახეს. ცოტა ხანში, ორგანიზაციამ ცხინვალში არსებობა შეწყვიტა, პოლიტიკური ვითარების გამო. საქართველოში კი, სახელწოდება შეიცვალა. ორგანიზაციის დამაარსებელი მანანა მებუკე უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

ყოველი შეკრება ქალბატონ მანანა მებუკის გახსენებით იწყება. მის საქმეს დღეს ნინო ქუთათელაძე აგრძელებს. საქმიანობას აგრძელებენ გორელი ქალბატონებიც. ნანა საბანაძის თქმით, ორგანიზაციის არსებობა აუცილებელია, რადგან გამყოფი ხაზს მიღმა დარჩენილ ადამიანებთან კონტაქტი არ გაწყდეს. ,,როდესაც მოვა დრო, რაშიც დარწმუნებული ვარ, ქართველებისა და ოსების ერთად ცხოვრების საკითხი პოლიტიკურად გადაწყდება, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან გაუცხოებულები იყვნენ." - აღნიშნავს ნანა საბანაძე.

ლიახვის ხეობიდან დევნილი გალინა ქელეხსაევა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის გორში დღეს სპეციალურად ქალებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. სიტყვის გამოსვლისას ცხინვალელ ქალებთან ურთიერთობის ისტორიები გაიხსენა და გორიდან ქალთა დღე ოსურ ენაზე მიულოცა.

გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიაში" გამართული შეხვედრა ,,ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის ინიციატივით" მოეწყო. აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მიუხედავად ქალები მუდამ ცდილობდნენ ისტორიული თანაცხოვრების შენარჩუნებას. შეხვედრის მონაწილეებმა 2018 წელს სხვადასხვა სახის აქტივობები დაგეგმეს და აღნიშნეს, რომ არსებულ ვითარებაში გააქტიურება აუცილებელია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობის თვალსაზრისით.

ფატი ფარნიაშვილი ცხინვალიდან დევნილია, ამჟამად ფლავში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მამა ოსი ჰყავდა, დედა ქართველი. 9 წლის წინანდელი ისტორია პირველად სწორედ დღევანდელ დღეს გაიხსენა. ომის შემდეგ 2009 წელი მისთვის ერთ-ერთი მძიმე პერიოდი იყო, რა დროსაც მისი შვილი სიცოცხლეს შემთხვევით გადაურჩა. იმ წელს ქართველებმა სოფელ ფლავთან ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავის ადგილას განაღმვა სცადეს. ნაღმი ორმექანიზმიანი აღმოჩნდა, რამაც შეცდომაში შეიყვანა იქ მყოფნი.

,,ჩემი შვილი შემთხვევით ბაღიდან მოდიოდა და, ინტერესის გამო, შეჩერდა. გვერდით დაუდგა გამნაღმველს. არ ვიცი, გულმა რა უგრძნო იმ ცხონებულს, რომ ხელით მოიცილა ჩემი შვილი და ზურგით დაიყენა. ჩემი შვილი მისი წყალობით გადარჩა" - ამბობს ფატი ფარნიაშვილი. ეს ფაქტი მეზობელ ოსურ სოფლის მოსახლეობის ყურამდეც მივიდა. ქალბატონი ფატი იხსენებს, რომ მთის ფერდობზე ოსი ქალებიც ტიროდნენ და მათი ტირილის ხმა შემთხვევის ადგილზე ისმოდა.

დღევანდელი შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში 23 თებერვალს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე იმსჯელეს. ქალებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ  ცხედარი გარდაცვლილის დედას დაუყოვნებლივ გადასცენ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები