ახალი ამბები
,,ახალბაღში" გორის კეთილმოწყობის სააგენტო სარბენ ბილიკებს მონიშნავს
გორის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" ადმინისტრაცია და თანამშრომლები ,,ახალბაღში" მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა გივი კობახიძემ საკრებულოს წერილობით აცნობა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს, კულტურისა და დასვენების პარკში სარბენი და ველობილიკები მოინიშნება, ასევე, პარკში ღამის განათებები მოწესრიგდება.

,,შეკეთდება და შეიღებება დასასვენებელი სკამები. შეიღებება ბულვარის ღობე და ბორდიურები. ტრენაჟორებს და ატრაქციონებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება," - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კეთილმოწყობის სააგენტოს ადმინისტრაცია ,,ახალბაღში" თემატური საღამოების მოწყობას გეგმავს.

შეგახსენებთ, 2018 წლიდან ააიპ ,,გორის კულტურისა და დასვენების პარკი - ახალბაღი" გაუქმდა და ის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" დაექვემდებარა. სააგენტოს უფროსი იმასაც წერს, რომ მინიზოოპარკიდან გამოსული ჩამდინარე წყლების სალექარიც მოსაწყობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები