ახალი ამბები
თელიანთან სარწყავი არხის მშენებლობის გამო გზა 2 კვირაა გადათხრილია
ორი კვირაა სოფელ თელიანთან, გორი-მცხეთის დამაკავშირებელ გზაზე, მოსახვევთან ასფალტის საფარი გაჭრილია და გზის საფარი აღსადგენია. ამის მიზეზი სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც თებერვლიდან დაიწყო.

მელიორაციის წარმომადგენლებს მილის ჩასაგდებად გზის გათხრა დაჭირდათ, შემდეგ არხი მიწით ამოავსეს, თუმცა ნალექის გამო ნიადაგმა დაიწია. თელიანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოსახვევში დაბალი ხილვადობის გამო, ავტომანქანების მძღოლები დაზიანებულ მონაკვეთს მაღალი სიჩქარით უახლოვდებიან.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დოესი-თელიანი-ზემო ხანდაკი-ხოვლის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფილტრაციული დანაკარგების შესამცირებლად არხზე ეწყობა მონოლითური ბეტონი, მონტაჟდება ჩამქრობი და გამანაწილებელი ჭები. პროექტი 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები