ახალი ამბები
გორის მერმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ,,ლომჭაბუკის" ტერიტორიის განვითარების გეგმა წარადგინეს
გორში ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის ინიციატივის კლუბის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერმა პიტერ კორსბიმ, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, როგორც აღნიშნული კლუბის წევრ მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს სერტიფიკატი გადასცა და პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს დომინიკ პეპენჰაიმმის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი პროექტი სრულად აკმაყოფილებდა ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც შედეგზეც აისახა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანებისათვის.

28-თვიანი პროექტი 2020 წელს დასრულდება. მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

პროექტის, „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში 2017 წლის ბოლოს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები