ახალი ამბები
,,გორმედი": ,,მარტში მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენის შემთხვევები 24-მდე გაიზარდა"
დღეს ,,გორმედის" ანტირაბიული კაბინეტის ექიმი დავით გასიტაშვილი გორის თავშესაფრის დირექტორს თამარ აფციაურს შეხვდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,გორმედიდან" აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლის ცნობით, დავით გასიტაშვილი თავშესაფრის დირექტორს, მიუსაფარი ძაღლების დაკბენის რაოდენობის თაობაზე, კონკრეტულ ციფრებს გააცნობს.

,,ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ მონაცემები და ათი დღის განმავლობაში ნამდვილად ადგილი ჰქონდა მიუსაფარი ძაღლებისგან ადამიანის დაკბენის შემთხვევებს, ამ შემთხვევაში არა 22-ს, არამედ - 24 ფაქტს" - აცხადებს ,,გორმედის" წარმომადგენელი.

თავშესაფრის დირექტორი თამარ აფციაური აცხადებს, რომ ,,გორმედის" მონაცემები არასწორია, რადგან ექიმმა დავით გასიტაშვილმა პატრონიანი ძაღლებისგან დაკვბენის შემთხვევები მიუსაფარ ძაღლებისგან დაკბენილთა მონაცემებს მიათვალა.

,,ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია გორმედიდან, მოვიძიეთ მასალა და აღმოჩნდა, რომ 1 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით მიუსაფარ ძაღლებისგან დაკბენის შემთხვევა არის 4 და არა 22. დანარჩენი 45 შემთხვევა პატრონიანი ძაღლებისგან მოხდა" - ამბობს თამარ აფციაური.

მონაცემების საჯაროდ გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ამ საკითხის დროულ გადწყვეტას ითხოვენ. გაჩნდა მუქარები ძაღლების დახოცვის შესახებ. ამის თაობაზე ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა თბილისის თავშესაფრის დირექტორს თამაზ ელიზბარაშვილს დახმარებისთვის მიმართა.

თამაზ ელიზბარაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ძაღლების დახოცვისა და მუქარისგან. ,,ვინც ამას გააკეთებს, ის არის ლაჩარი" - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ გორში ჩავიდეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდეს.

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველები მასაც აწუხებს, რადგან ეზოს წინ, ისინი მუდმივად თავს ესხმიან. ,,ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, დონორებს ვეძებთ და შედეგებს მოსახლეობა წლის ბოლოს იგრძნობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები