ახალი ამბები
ქალაქ გორში არსებული საბავშვო ბაღების გაერთიანების პროცესი დაიწყო
ქალაქ გორში არსებული 19 საბავშვო ბაღის გაერთიანების პროცესი დაიწყო. ამის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო.

დადგენილების მიღების შემდეგ, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და აღმზრდელებმა გათავისუფლების თაობაზე განცხადებები დაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაღები შეერწყა ააიპ ,,სკოლამდელი აღზრდის სააგენტო", რომელიც 2018 წლის 12 იანვარს დაფუძნდა.

,,გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების, კერძოდ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ოპტიმალური და ეფექტური მართვისათვის საჭიროა მოხდეს მათი რეორგანიზაცია და ერთ იურიდიულ პირად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვას." - აღნიშნავს გორის მერი კოტე თავზარაშვილი თავის განმარტებაში, რომელიც მან საკრებულოს წევრებს თანხმობის მისაღებად გაუგზავნა.

საკრებულოს წევრებმა გაერთიანება/შერწყმის თაობაზე მერს თანხმობა მისცეს.

წესდების მიხედვით, ამჯერად, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი დანიშნავს. მანამდე, ამას ქალაქის მერი აკეთებდა. სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ პროცესი ყოველგვარი კანონის დაცვით განხორციელდება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები