ახალი ამბები
დირექტორის არჩევნები გორში - წინა დღით შეცვლილი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობა

 

,,ორშაბათს, 27 ოქტომბერს, სკოლაში დირექტორობის კანდიდატმა სამეურვეო საბჭოს თავისი პროგრამა წარუდგინა. ორი დღის წინ თვით სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში არავითარი ცვლილებები იგეგმებოდა. დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ სხდომას ახალი თავმჯდომარე და მდივანი ჰყავდა. საინტერესოა, რა მოხდა ამ ორ დღეში?" - ეკითხებოდა სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი რესურს-ცენტრის იურისტს.

 

,,ქალბატონო, მე თქვენ აგიხსენით, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ წერილობით დაწერა განცხადება. ეს მისი უფლებაა. თუ რამე პრობლემები არსებობს, ეს სამეურვეო საბჭოს შიგნით უნდა მოაგვაროთ" - უპასუხა რესურს-ცენტრის იურისტმა სკოლის პედაგოგს (სამეურვეო საბჭოს წევრს). ჩვენი თანდასწრებით სამეურვეო საბჭოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ხათუნა ვარძელაშვილს დაურეკეს, რომელმაც განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება 28 ოქტომბერს დაწერა.

 

,,ეს მოხდა ნებაყოფლობით. ყოფილმა თავმჯდომარემ საკუთარი ნებით დაწერა განცხადება და სხვა იქ არაფერი მომხდარა" - გვითხრა რესურს-ცენტრის უფროსმა ზურაბ ქარელმა. ჩვენს კითხვაზე, თუ ვისგან აქვს ინფორმაცია განცხადების საკუთარი სურვილით დაწერის შესახებ, ზურაბ ქარელმა გვიპასუხა, რომ მას ,,წყაროები" ჰყავს. ,,პირადად, არ მისაუბრია ყოფილ თავმჯდომარესთან, როგორც მითხრეს, საკუთრი სურვილით დაწერა განცხადება" - განმარტა ზურაბ ქარელმა.

 

რაც შეეხება სხვა სკოლებს, რესურს-ცენტრის იურისტმა გვითხრა: ,,როგორც ვიცი, მსგავსი ცვლილებები სხვა სკოლების სამეურვეო საბჭოებში არ განხორციელებულა." ,,ეს დაზუსტებული ფაქტია?" - ვკითხეთ. ,,ეს რა კითხვაა?" - გვიპასუხა.

 

ხურვალეთის სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი და თანაც მოქმედი დირექტორი  იყრიდა კენჭს. ის 29 ოქტომბერს ერთხმად აირჩიეს.

 

რა მოხდა სხვა სკოლებში

 

არჩევნები ქალაქის 12 და სოფლების 32 სკოლაში ჩატარდა. დანარჩენ 23 სკოლაში განაცხადები არ იყო წარდგენილი და, შესაბამისად, იქ, ახალი დირექტორების გარეშე, დროებით დარჩნენ.

 

44 სკოლიდან კი, წარდგენილ კანდიდატებს შორის, დირექტორები ვერ გამოავლინეს, მხოლოდ, გორის მე-6 და ახალდაბის საჯარო სკოლაში.

 

მე-6 სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - ელენე ხაჩიძე, მარინე ნუცუბიძე და თეა ხაბალელი იყრიდნენ. სამეურვე საბჭოს 13 წევრიდან მარინე ნუცუბიძეს 5-მა, ხოლო დანარჩენ კანდიდატებს 4-4-მა წევრმა მისცა ხმა. იმის გამო, რომ გამარჯვებულ კანდიდატებს ხმების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი ჭირდებოდა, მარინე ნუცუბიძე აღნიშნული სკოლის დირექტორად გამარჯვებულად არ გამოცხადდა.

 

რაც შეეხება ახალდაბას, აქ ორი კანდიდატი მარეხ გიორგაშვილი და თამარ გულიაშვილი იბრძოდნენ. ხმები 6-6-ზე გაიყო. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ იყო სამეურვეო საბჭო წყვილი, 12 პირის შემადგენლობით, რესურს-ცენტრის უფროსი ამბობს, რომ კანონი ასეთ ნორმას არ ითვალისწინებს. ,,შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს, თავის დროზე, მის შემადგენლობაში 13 წევრი შედიოდა, ხოლო საბჭოს წევრობიდან ერთ-ერთი წევრი, მაგალითად, მშობელი გავიდა,  შვილის მიერ სკოლის დამთავრების გამო. ეს არის ჩემი ვერსია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი იყო თუ არა მანამდე კენტი რიცხვი სამეურვეო საბჭოში" - ამბობს ზურაბ ქარელი.

 

ისიც ცნობილი გახდა, რომ ხიდისთავის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მიმოზა ღოლიჯაშვილი აირჩიეს. ეს ის სკოლაა, სადაც ერთი თვის წინ, სკოლიდან წამსვლელმა დირექტორმა 4 სერთიფიცირებული პედაგოგი გაათავისუფლა, ხოლო ორი დღის შემდეგ ორი უკან დააბრუნა. დაბრუნებულებს შორის დედა-შვილი არ აღმოჩნდა.

 

სხვა დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც რესურს-ცენტრი ,,შავ-მასალას" გადაამუშავებს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წერილობით მიაწვდის.

 

ფოტო გადაღებულია ხურვალეთის საჯარო სკოლაში აქცია ,,დიპლომატიური თასის" ჩატარების დროს

Print

სტატიის გამოყენების პირობები