ახალი ამბები
გორელმა ბიზნესმენებმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ დააფუძნეს
ცნობილმა გორელმა ბიზნესმენებმა ზაურ საგანელიძემ და ზურაბ წკრიალაშვილმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ 2018 წლის 12 მარტს დააფუძნეს. დამფუძნებლებს შორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძეა ,,ევროპული საქართველოდან“. რაც შეეხება მეოთხე დამფუძნებელს, ის 22 წლის ვახტანგ საბანაძეა.

ფონდის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კახა ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას და, მათ შორის, ჟურნალისტებს იმ მიზნებსა და ამოცანებს გააცნობენ, რომლის განხორციელება ფონდის წევრებს აქვთ დაგეგმილი.

,,ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ამის თაობაზე, დეტალურად ვისაუბრებთ იმ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად დავპატიჟებთ,“ - გვითხრა კახა ბურჯანაძემ.

ზაურ საგანელიძეფონდის წესდების მიხედვით, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

1. საქველმოქმედო საქმიანობა
2. საქველმოქმედო პროექტების შექმნა და დაფინანსება
3. ახალგაზრდული პროექტების და აქტივობების ორგანიზება
4. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება
5. სოციალურად დაუცველებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელება
6. სახალხო დიპლომატიის განვითარება
7. სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მიღება
8. საარჩევნო პროცესებშ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.

,,გორის აღორძინების ფონდის“ იურიდიული მისამართია თამარ მეფის ქ. #76. აქ განთავსებულია შპს ,,სამეგობროს“ ადმინისტრაცია (ხილის კონცენტრატების ქარხანა) და ასევე სასტუმრო ,,ვიქტორია.“

ზურაბ წკრიალაშვილიამავე ოფისში მდებარეობს ააიპ ,,გორელები“, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და რომლის ყრილობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა. ამ ყრილობაზე ადგილობრივ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე.

რაც შეეხება ახალ ორგანიზაციას, ,,გორის აღორძინების ფონდის“ დირექტორად ერეკლე ლაფაჩი დაინიშნა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაშია რეგისტრირებული.

ფონდის დამფუძნებლები ზაურ საგანელიძე და ზურაბ წკრიალაშვილი გორის ამჟამინდელი მერის, კოტე თავზარაშვილის მხარდამჭერები იყვნენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარდამჭერი შეხვედრა ბიზნესმენებმა მომავალ მერთან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გამართეს.

ფოტოები: 1. ,,გორელების" დაფუძნება (არქივი); 2. ზაურ საგანელიძე, 3. ზურაბ წკრიალაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები