ახალი ამბები
,,ტრამპოლინას" ჯგუფის წევრები ბავშვებთან ახალი მეთოდებით იმუშავებენ
ტრამპოლინა - ასე ერქმევა თერაპიულ ჯგუფს, რომლის წევრები პოლონელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული პედაგოგები იქნებიან. ტრამპოლინას ჯგუფში ბავშვებთან ურთიერთობის სპეციალისტები და ადგილობრივი ქალი ლიდერებიც შევლენ. ისინი, ძირითადად, დღის ცენტრებში იმუშავებენ.

როგორ დავძლიოთ აგრესია, სირთულეები და კონფლიქტები - ჯგუფი წევრები ამ თემებზე პოლონელი ექსპერტებისგან რეკომენდაციებს ეცნობიან. დღეიდან სამი დღის განმავლობაში ტრენინგზე სპეციალური სავარჯიშოები ეწყობა, სადაც საკუთარ შეგრძნებებს, განწყობებსა და შესაძლებლობებს პედაგოგები საკუთარ თავზე ცდიან. უცხოური მეთოდების გაცნობის დროს ისინი ახალ აღმოჩენებს ხედავენ.

,,პოლონელი ექსპერტებისგან გაზიარებულ მეთოდებს ბავშვებთან ურთიერთობაში გამოიყენებენ, რაც ბავშვის სწორად განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს." - აცხადებს ტრენინგის ორგანიზატორი.

პროექტის ავტორი ორგანიზაცია ,,ქართლოსია“. მისი წევრები, პოლონელ ექსპერტებთან ერთად, არტთერაპიის კურსებს ფონდ ,,რიტას" მხარდაჭერით ატარებენ.

პროექტი ორეტაპიანია. ტრენინგ-კურსების შემდეგ არტთერაპიის ცენტრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიხსნება. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი სკრის დევნილთა დასახლებაში იმუშავებს. აქტივობებში 6-14 წლამდე ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.

,,ქართლოსის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ არტთერაპიის შესახებ სპეციალური პროგრამა სპეციალურად შექმნილი ცენტრებისთვის შემუშავდება, ხოლო თემატური წიგნები პოლონურიდან ქართულად ითარგმნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები