ახალი ამბები
ქარელის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჟურნალისტს დაატოვებინეს

 

საკრებულოს აპარატის უფროსი მაია გოგიჩაშვილი აცხადებს, რომ ბიუროს სხდომის მეორე ნაწილში ჟურნალისტს ყოფნის უფლება არ ჰქონდა:

 

,,ბიუროს სხდომა ორ ნაწილიანი იყო. პირველ ნაწილში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გაცნობა მოხდა, მეორე ნაწილში საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს წევრებთან პირადი საკითხების გარკვევა უნდოდა." - განაცხადა მაია გოგიჩაშვილმა.

 

ჩვენს შენიშვნაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს პირადი საკითხების გასარკვევად დეპუტატები საკუთარ სახლში უნდა მიეწვია, მაია გოგიჩაშვილმა განმარტა, რომ სხდომის მეორე ნაწილში პირადი საკითხები არ ეხებოდა ,,პირად პრობლემებს"

 

,,ეს ეხებოდა ქსეროასლების რაოდენობას, ვის რამდენი ქსეროასლი უნდა შეხვედროდა და ასე შემდეგ. ისე, რომ იცოდეთ, თქვენი ჟურნალისტი ხელს გვიშლიდა მუშაობაში. მეორე ნაწილში განხილული საკითხები აღარ იყო თქვენთვის საინტერესო" - დაამატა მაია გოგიჩაშვილმა. კითხვაზე, თუ რაში გამოიხატა ჟურნალისტის მხრიდან ხელშეშლა, აპარატის უფროსმა ვერ დააკონკრეტა. ხოლო კითხვაზე, თუ რატომ საზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი აპარატის უფროსი ჟურნალისტისთვის საინტერესო თემას, გოგიჩაშვილმა თქვა, რომ ,,როგორ გვეკადრება".

 

ქარელის საკრებულოს წევრები, განსაკუთრებით, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების მიმართ აგრესიას მას შემდეგ გამოხატავენ, როდესაც ვებ-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით: ,,კაი თამადა, მელექსე, პოეზიის დიდი მიყვარული, მზარეული და სუფრის მშევენება საკრებულოში". აღნიშნული ვიდეოს მიხედვით, საკრებულოს წევრებმა ერთმანეთი ამ ეპიტეთებით დაახასიათეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები