ახალი ამბები
გორის მე-3 სკოლაში მათემატიკის ტური და საკონცერტო საღამო პედაგოგის ხსოვნას მიუძღვნეს
მათემატიკისა და ინფორმატიკის პედაგოგის, ნანა ნაბულიშვილის ხსნოვას მიეძღვნა გორის მესამე საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიებები. პედაგოგი 2008 წლის 27 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, მისი აღზრდილი მოსწავლეები შეიკრიბნენ. ამჟამინდელმა მოსწავლეებმა კი, მონაწილეობა მათემატიკის ტურში მიიღეს.

სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ამბობს, რომ ღონისძიებას ორგანიზება, სწორედ, მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა გაუწიეს. მათ შორისაა საცეკვაო სტუდია ,,იბერიას“ ხელმძღვანელი გიორგი გვერდწითელი. ასევე, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, რომლებიც სპეციალურად სკოლაში შეიკრიბნენ.

მათემატიკის ტურში გამარჯვებულებს შორის თამარ ვანიშვილი დასახელდა, მას სპეციალური პრიზი ,,შენ ხარ მომავალი“ გადაეცა.

გიორგი გვერდწითელი ამბობს, რომ ნანა ნაბულიშვილის დამსახურებაა ბევრი სიახლე, რომელიც მესამე სკოლაში წლების წინ დაინერგა. მათ შორისაა პროექტი, რომელიც 90-იან წლებში, სკოლამ გრანტის სახით მოიპოვა. გორის მესამე სკოლა ერთ-ერთი იყო, სადაც კომპიუტერული ცენტრი ,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები