ახალი ამბები
საბერძნეთში ბინების ქურდობის ფაქტებს ქართველ კანონიერ ქურდს უკავშირებენ
ქალაქ ათენში საქართველოს ოთხი მოქალაქე: 1965 წელს დაბადებული ვ.ხ., 1983 წელს დაბადებული ბ.თ., 1978 წელს დაბადებული მ.ფ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ჯ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ოპერაცია საბერძნეთის პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. პოლიციის მტკიცებით, დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.

,,სამართალდამცველებმა, ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ." - განაცხადეს ბრიფინგზე.

დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები