ახალი ამბები
გორის მერიამ პარკირების წესის ახალი პროექტი საკრებულოს წარუდგინა
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით, იქნება:

ა) 1 დღე – 1 ლარი ;
ბ) 1 თვე – 10 ლარი ;
გ) 3 თვე - 15 ლარი
დ) 6 თვე- 25 ლარი
გ) 1 წელი – 40 ლარი .

ამის შესახებ იმ განკარგულების პროექტში წერია, რომელსაც გორის საკრებულო სხდომაზე 13 აპრილს განსახილველად გაიტანს.

პარკირების წესები

პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. თუ საგზაო ნიშნით ან მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი, აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს.

სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.

პარკირების ორგანიზება

ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.

პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
გორის მუნიციპალიტეტში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.

ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.

პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები.

ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.

სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.

გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.

დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.

გორის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია განსაზღვროს მინიშნებაზე (სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირების თაობაზე) დასატანი აუცილებელი ინფორმაცია.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას


სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:

ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:

ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად.

თუ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრეს სურს, გათავისუფლდეს პარკირების საფასურის გადახდისგან, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და დაურთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერია ასევე აცნობებს პარკირების ოპერატორს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები