ახალი ამბები
აძველი ელდარ გუნდიშვილი მესამედ დააკავეს - ის 69 წლისაა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი მესამედ დააკავეს. ის, დღეს, 7 აპრილს რუსეთის სამხედროებმა, თემურ ყაზიევთან ერთად, დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, წაიყვანეს. ყაზიევი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.

ელდარ გუნდიშვილი 69-წლისაა. ასაკიანი მამაკაცი გასული წლის აპრილშიც დააკავეს, საძოვრებზე ყოფნის დროს. მისი საცხოვრებელი სახლი გამყოფ ხაზთან 200 მ მანძილზე მდებარეობს.

თანასოფლელების განცხადებით, მოქალაქეები სალოცავისკენ მიდიოდნენ და შიშობენ, რომ მესამედ დაკავებისას, დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატიმრობა არ გამოიყენოს.

მერვე-მეცხრე საუკუნეებით დათარიღებული სალოცავი ,,წმინდა მუხის ტყეში" დგას. ამ ტერიტორიას ამჟამად რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ. ეკლესია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებაშია და აძვსა და აძვისთავს შორის მდებარეობს. მიუხედავად ამისა, აძველები, ჯარიაშენელები და ახალუბნელები ამ სალოცავში მისვლას მაინც ცდილობენ.

აძვში დაფიქსირებული დაკავებების მცირე სტატისტიკა

მიმდინარე წლის 22 მარტს, ამავე ადგილიდან, 41-წლის დავით გერკეული და 22-წლის იოსებ გუნდიშვილიც წაიყვანეს. მათ სალოცავში ასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სახლში სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მოამთავრეს.

მინდა მუხის ტყეში არაერთი მოქალაქეა დაკავებული. დაკავებები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრების მონიშვნა დაიწყეს. ამ არაღიარებული საზღვრებში, სწორედ, ეს ეკლესია მოექცა.

2014 წლის აპრილში ამ ადგილას დააკავეს ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის თანამშრომელი, მიხეილ მიხოევი.

2015 წლის მაისში დააკავეს ადგილობრივი სამი მკვიდრი - დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი. ისინი ეკლესიაში ოჯახის წევრებთან ერთად, იყვნენ. ქალები და ბავშვები გამოუშვეს.

2016 წლის ივნისში მწყემსი 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი დააკავეს. 2017 წლის აპრილში ამ ადგილზე დააკავეს 70-წლის ელდარ გუნდიშვილი.

აღსანიშნავია, რომ გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ამ ადგილას წირვა-ლოცვა 2015 წლის მაისში, გიორგობის დღესასწაულზე აღავლინა. რუსეთის წარმომადგენლებმა მომლოცველებს ტერიტორიაზე ერთი დღით შესვლის უფლება მისცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები