ახალი ამბები
პოლიციასთან დაპირისპირების გამო გორში 9 პირი დააკავეს
წუხელ გორის პოლიციის თანამშრომლებმა სადგურის დასახლებაში 9 პირი დააკავეს. ამის მიზეზი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გახდა.

გორის პოლიციაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ დაკავებულთაგან 6-ს მათგანს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარუდგენენ. სამი ახალგაზრდის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლს გამოიყენებენ. ყველა მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ბრალდება.



ინციდენტი დაახლოებით 23 საათზე დაიწყო. სადგურის დასახლებაში გვითხრეს, რომ პოლიციელები ახალგაზრდებთან მივიდნენ და სკვერის დატოვება მოსთხოვეს. სკვერში ახალგაზრდების მცირე ჯგუფი ქეიფობდა. 

,,ბიჭები თავისთვის ქეიფობდნენ. მივიდა ორი კაცი და ერთ-ერთმა უთხრა - ,,გა...ით აქედანო". აი, აქედან დაიწყო ეს ამბავი" - გვითხრეს სადგურის დასახლებაში.

სავარაუდოდ, ახალგაზრდებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. პოლიციამ მათ მიმართ ძალა გამოიყენა. ჩხუბის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც. ჩამტვრეულია იმ პიკაპის შუშა, რომლითაც ერთ-ერთი დაკავებული გადაჰყავდათ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები