ახალი ამბები
გიორგი ნადიბაიძესა და ლიზი ყაზიშვილს შორის მორიგება შედგა
ლიზი ყაზიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში უვადოდ დაინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. პროცესი მორიგებით დასრულდა.

კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ნადიბაიძე თანახმაა, რომ ლიზი ყაზიშვილი დაბრუნდეს ცენტრში და მასთან უვადო ხელშეკრულება გააფორმოს. ლიზი ყაზიშვილმა კი, იმ სასარჩელო მოთხოვნაზე თქვა უარი, რომლის მიხედვითაც განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

,,ფაქტობრივად, მოსამართლის ძალისხმევით, მხარეებს შორის შედგა მორიგება. ამ მორიგების მიხედვით, უარი ვთქვი განაცდურის ანაზღაურებაზე, ხოლო კულტურის ცენტრი ჩემთან ხელშეკრულებას გააფორმეს, თანაც უვადოდ" - აღნიშნავს ლიზა ყაზიშვილი.

ლიზი ყაზიშვილი ,,მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" დირექტორის მოადგილედ, 2014-2015 წლებში, მუშაობდა. 2015 წლიდან ის სასწავლო ნაწილის სპეციალისტის პოზიციაზე გადაიყვანეს.

მომღერალი გიორგი ნადიბაიძე, 2017 წლის 10 მაისს, ქალაქ გორის მერიის ,,ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის" დირეტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. რეორგანიზაციის გამო, ახალმა დირექტორმა ლიზი ყაზიშვილის შტატის გაუქმების შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება. ლიზი ყაზიშვილი ამბობდა, რომ გიორგი ნადიბაიძემ აღნიშნული შტატი მისი გათავისუფლების მიზნით გააუქმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები