ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი ხაშურში 2,5 მლნ ლარის ღირებულების კომპლექსს აშენებს
ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აწარმოებს. ხაშურის მერიის ცნობით, ინვესტიციის საერთო ღირებულება 2, 5 მლნ ლარს შეადგენს და ამ თანხას შპს ,,ჯეო ლიტ ინვესტი' ხარჯავს.

სამშენებლო-კომერციული კომპლექსის მშენებლობის გარდა, ,,ჯეო ლიტ ინვესტი" ამჯერად პარკინგის მოსაწყობად ფართს კ/თ ,,რუსთაველის" გვერდით ითხოვს. ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა მერიას უკვე მიმართა. ხაშურის მერია თანახმაა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისოს.

,,შ.პ.ს. „ლიტ ჯეო ინვესტი“-ს ითხოვს, ხაშურში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე 724 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების პრივატიზებას, თანამედროვე ტიპის პარკინგის მოსაწყობად. შ.პ.ს. „ლიტ ჯეო ინვესტი“ ხაშურში, კოსტავას ქ. №1-ში აწარმოებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომლშიც უნდა განხორციელდეს 2 520 269 (ორი მილიონ ხუთასოცი ათას ორას სამოცდაცხრა) ლარის ინვესტიცია. მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს დასვენების, კომერციის და გართობისთვის აუცილებელ ელემენტებს და მისი ამოქმედება გამოაცოცხლებს ქალაქის ბიზნეს გარემოს და მნიშვნელოვნად გაალამაზებს ცენტრალური უბნის ამ ნაწილს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ობიექტი მდებარეობს ცენტრალურ უბანში, მიმდებარედ განთავსებულია სავაჭრო და საზკვების ობიექტები და მისი სრული დატვირთვით ფუნქციონირება გამოიწვევს მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის გადატვირთვას." - აცხადებენ მერიაში.

შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ - ქართულ-ლიტვური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს. კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ საქართველოს მოსახლეობას უზრუნველყოფს თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსებით, საოფისე ფართებით, სასტუმროებით და სხვ. იგი ახორციელებს ფართო სპექტრის სამშენებლო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც საცხოვრებელი ბინების, ასევე „A“ კლასის საოფისე ფართების ჩათვლით.

კომპანიის დირექტორია ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის შვილი, ასევე, მისი მოსახელე.

უფროსი ვალერი გელაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ,,მრეწველების" კანდიდატთან, სიმონ ნოზაძესთან მეორე ტურშიც დამარცხდა. ვალერი გელაშვილი მმართველი გუნდიდან იყო წარდგენილი და ამბობდა, რომ პირველ ტურში მარცხი გამგებლის დამსახურება იყო.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები