ახალი ამბები
დვანში ხილის საწარმო შემოდგომამდე დაიკეტა (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში, შპს ,,დინასტიას“ საწარმო შემოდგომამდე გაჩერდა. თითქმის ორი თვეა საწარმო აღარ ფუნქციონირებს. ამის მიზეზი ნედლეულის სიმწირეა. ადგილობრივ პროდუქციაზე დამოკიდებულ ქარხნის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საწარმოს შემოდგომიდან აამუშავებს.

ხელმძღვანელი იური კოპაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველ რიგში, ნედლეულის სიმცირეს, (2017 წლის გაზაფხულზე ძლიერმა ყინვებმა ხეხილი დააზიანა). შემდეგ კი, - ინვესტორების ნაკლელობას.

,,ეს მხარე კვლავ რისკის ზონად ითვლება. გამყოფ ხაზთან მდებარეობს სოფელი და ამიტომ თანხას ამ საწარმოში არავინ დებს; არც ინვესტორები და არც ბანკები“ - აცხადებს იური კოპაძე. მისი თქმით, საწარმოში დამზადებულ ხილის პროდუქტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილება იყო.

,,პირველ რიგში, აქ წარმოებული პროდუქცია ნატურალურია. დამოკიდებული ვიყავით ადგილობრივ ნედლეულზე“ - განმარტავს იური კოპაძე. ადგილობრივი ნედლეული კი შხამ-ქიმიკატებისგან ნაკლებად არის გაჯერებული.

ადგილობრივი მკვიდრი მურთაზ მამაგულაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ დვანის ტერიტორიიდან შესაძლებელია წელიწადში 10 000 ტონა ხილის მოყვანა, მაგრამ ამის განხორციელება იმ პირობებში, რაშიც ქართველი გლეხია, შეუძლებელია:

,,გლეხს, რომელსაც სასტარტო კაპიტალი არ გააჩნია, არ შეუძლია მეურნეობის განვითარება. უჭირს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ევროპის ბაზარზე პროდუქცის გატანა“- განმარტავს მურთაზ მამაგულაშვილი.

კაპიტალის სიმცირეზე საუბრობს საწარმო ,,დინასტიას’ ხელმძღვანელიც. ის ამბობს, რომ ენთუზიაზმით მუშაობას ხანგრძლივობა არ უწერია.

შპს “დინასტია” 2008 წელს დაფუძნდა ქარელის რაიონის სოფელ დვანში. წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ, შესაბამის შტრიხკოდებით ეტიკეტირებულ ჩურჩხელისა და ხილის საწარმოს. რამდენიმე პროდუქტი დაპატენენტებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები