ახალი ამბები
უფლისციხესთან ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელება გადაიდო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან ახალი ხიდის მშენებლობა გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო.

სამინისტროს წარმომადგენელმა დოკუმენტები უკან გაითხოვა, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს აცნობდა, რომ საჭიროა ახალი ხიდის ასაშენებლად დაუყოვნებლივი სამუშაოების წარმოება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2018 წლის თებერვალში წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე ახალ ხიდს წელს, 2018 წელს ააშენებენ. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ის საგანგაშო დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც 2018 წლის 2 თებერვალს ჩააბარეს.

დასკვნაში წერია, რომ მუდმივი გადატვირთვის გამო, ხიდის კოჭი დაწეულია. ,,არსებულმა დაზიანებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაგებობის რღვევა," - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს გზების დეპარტამენტმა ხიდის მდგომარეობის შესწავლა კომპანიას, რომლის სახელწოდებაა ,,„სს უცხოური საწარმოს ფილიალის სს ინსტიტუტი იგჰ. სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში”, 2017 წელს დაავალა.

,,მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის ადგილზე დათვალიერების შედეგად, ვიზუალურად დაფიქსირდა ვანტური ხიდის სიხისტის კოჭის ჩაღუნვა, რაც მიგვანიშნებს ამ კოჭების სიხისტის გარკვეული სიდიდით შემცირებაზე. არსებულმა დაზიანებებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს ნაგებობის რღვევა. ამასთან ერთად საზედამხედველო ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობების დარღვევის გამო მაქსიმალურად დაჩქარდეს ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების დაწყება." - აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, დეფექტი გამოვლინდა გასული საუკუნის 80-იან წლებში ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან და გამოწვეულია ვანტების არაერთგვაროვანი დაჭიმვის შედეგად მუდმივი დატვირთვებისგან გადაძაბვის გამო. ასევე აღსანიშნავია ვანტების დიამეტრის შემცირება, რომლის პროცესი დღესაც გრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, უფლისციხის ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი 2018 წლის გეგმაში სასწრაფო წესით შეიტანა. ეს უკვე მესამე ხიდი იქნება უფლისციხესთან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები