ახალი ამბები
ხიდისთავის ქვედა უბანში სანიაღვრე არხს აღადგენენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ქვედა უბნის მოსახლეობას ნიაღვარი აღარ შეაწუხებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ნალექის დროს 20-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლი ტალახთან ერთად ფეკალური მასებით ივსება. წყალგაუმტარი სისტემის არარსებობის გამო, წყლის მასა საცხოვრებელ სახლებში შედის.

რეპორტაჟი აღნიშნული უბნის მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გასულ წელს მოამზადა. ,,ეს ნიაღვარი სოფლის ზემოთ მცხოვრებლებს აარიდეს, მაგრამ ეხლა მთლიანად ჩვენსკენ მოდის. ადრე თუ ყველგან ნაწილდებოდა ეს წყალი, ახლა მთლიანად აქ მოდის." - აცხადებენ ადგილობრივები.

პრობლემას საკანალიზაციო არხებიდან გამდინარე ფეკალური მასებიც ქმნის, რომელიც გზის გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან არხებში ჩადის. არხიდან კი, გზის ქვემოთ არსებულ სახლებისკენ მიედინება. 2017 წლის დეკემბერში ნიაღვართან ერთად სახლებში ფეკალური მასაც შევიდა.

ქვედა უბანში სანიაღვრე არხის აღდგენის თაობაზე მერიამ ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რაზეც 25 ათას ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები