ახალი ამბები
6 ჭრილობა სხეულზე - სასამართლომ დამნაშავედ დაზარალებულის შვილი სცნო
გორის სასამართლოს მიერ გამართლებული ბრალდებული უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. დაზარალებული მამაკაცია, რომელსაც სხეულზე 6 ჭრილობა (მუცელზე, გულმკერდსა და კისერში) აღენიშნებოდა. შემთხვევა კასპის რაიონში მოხდა. შიდა ქართლის პროკურატურის შუამდგომლობა, დამნაშავედ შვილი გამოცხადებულიყო, სასამართლომ, საბოლოოდ, 2018 წლის 20 თებერვალს დააკმაყოფილა.

შემთხვევა 2015 წლის მაისს, შუაღამეს მოხდა. საავადმყოფოში მოათავსეს მამაკაცი, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ორი ნაკვეთი ჭრილობა მუცელში, სამი, გულმკერდის არეში, ერთი, კისრის მიდამოში და მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები - სხეულის სხვადასხვა მიდამოში, სხვადასხვა ზომებით მიაყენეს. შიდა ქართლის პროკურატურამ ფაქტს ოჯახური დანაშაულის და მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა (ოჯახური დანაშაული) - მე-19 (მცდელობა) -108-ე (მკვლელობა) მუხლით.

ვითარების აღწერა მოწმეთა ჩვენებების მიერ

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მამამ განაცხადა, რომ 2015 წლის 30 აპრილს დილიდან ეხმარებოდა თანასოფლელს ხეხილის გასხვლაში. მას სახლიდან თან წაღებული ჰქონდა ორი დანა. მუშაობისას დანით დაიზიანდა ხელი, რის გამოც ხეხილის გასხვლას თავი დაანება და მასპინძლის სახლში დაიწყო არყის დალევა. დაახლოებით 17:00 საათზე მათთან მივიდა თავისი შვილი, რომელმაც აგრეთვე მიიღო ალკოჰოლური სასმელი.

შებინდებისას, ვინაიდან გაწვიმდა, შვილთან ერთად წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, გაახსენდა, რომ დანები დარჩა მეზობელთან და შვილს სთხოვა დაბრუნებულიყო მათ წამოსაღებად, თვითონ კი შევიდა სახლში.

,,ოთახში შესვლისას სიბნელეში ფეხი წამოვდე კარის ჩარჩოს, რის გამოც თავი ვერ შევიკავე და დავეცი შესასვლელთან მდგარ მაგიდაზე, რომელზეც ეწყო ნახევრად დაწნული კალათები, ბასრი პირის მქონე ნერგის წნელებით. ამ დროს ხელში მეჭირა სასხლავი მაკრატელი. ფეხზე ადგომის შემდეგ კვლავ დავეცი ზურგით. მომდიოდა სისხლი, მაგრამ დასახმარებლად არავისთვის მიმიმართავს. მოგვიანებით სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადამიყვანა. დაზიანებები ჩემ შვილს არ მიუყენებია“, - განუცხადა სასამართლოს დაზარალებულმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მამის ჩვენება არათანმიმდევრულია, რადგან თავდაპირველად განაცხადა, რომ მისი შვილი სახლში არ მობრუნებულა და არ იცოდა, დანები წამოიღო თუ არა; შემდგომში კი განმარტა, რომ საავადმყოფოში წაყვანის დროს დაინახა, რომ მისი შვილი კარში შემოდიოდა და, მგონი, წაიქცა კიდეც.

ბრალდებულის ძმისცოლმა სასამართლოს განუცხადა, რომ ყველანი ცხოვრობენ ერთ სახლში, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა შესასვლელი.

მისი ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ღამის საათებში (ზუსტი დრო არ იცის) მამამთილის ოთახიდან მოესმა დაცემის ხმა. იგი შევიდა ოთახში და ნახა, რომ იგი იწვა საწოლში. შესასვლელთან სისხლის კვალი შენიშნა, ჰკითხა, ხომ არაფერი სჭირდებოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მამამთილმა უთხრა, რომ წნელზე დაეცა, მაგრამ თავს კარგად გრძნობდა და დახმარებას არ საჭიროებდა.


პოლიციის ვერსია

გამომძიებლებმა განმარტეს, რომ 2015 წლის 1 მაისს ისინი ერთად ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და დაჭრის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

,,შემთხვევის ადგილზე მისვლისას ვნახეთ, რომ საცხოვრებელი სახლის იატაკი იყო სისხლით მოსვრილი, ხოლო დაზარალებული იწვა საწოლზე. ამ დროს ჩვენთან მოვიდა დაზარალებულის შვილი, რომელსაც შარვალსა და ქურთუკზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი. ვინაიდან გვქონდა ინფორმაცია მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, დავაკავეთ და ჩავუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგად, ამოვიღეთ ორი დანა, რომლებზეც შეინიშნებოდა სისხლის მსგავსი კვალი.“ - განაცხადეს გამომძიებლებმა პროცესზე.

სამედიცინო შეფასება

კასპის საავადმყოფოში 1 მაისს, 01:25 საათზე სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადამ საავდმყოფოში მიიყვანა მამაკაცი რომელსაც გულმკერდის წინა, უკანა ზედაპირზე და კისრის არეში აღენიშნებოდა ნეკნთა რკალის დონეზე მუცლის ღრუში შემავალი ორი ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით, 2015 წლის 1 მაისის მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, დაზარალებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ორი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში, შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლის, განივი კოლინჯის სეროზული გარსის, დიდი ბადექონისა და დიაფრაგმის დაზიანებით; ერთი ნაკვეთი ჭრილობა კისრის მიდამოშიდა სამი ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირებზე; მრავლობითი ექსკორაციები და ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით მიყენებული აქვს რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ექსკორაციები - მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. მუცლის მიდამოში არსებული ჭრილობები, ვინაიდან შემავალნი არიან მუცლის ღრუში, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს, ხოლო სხვა დაზიანებები, ერთად აღებული, მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები - შუბლის არეში, მარცხნივ, ნაჭდევები - მარჯვენა მხრისა და მარცხენა წვივის არეში, ზედაპირული ხასიათის სწორკიდეებიანი ჭრილობა - მარცხენა მტევნის ხელისგულის ზედაპირზე. სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო ყველა სხვა დაზიანება მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი დანები დამზადებულია ქარხნული წესით, დასაკეცი და სანადირო დანიშნულების დანების ტიპზე და მიეკუთვნება მჩხვლეტავ–მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანების ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ნაწვეტებისა და ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოვერცხლისფრო მეტალის დანის პირსა და ტარზე, ბრალდებულის კუთვნილ ჯინსის შარვალზე, თეთრ ჟაკეტზე, ბოტასის ტიპის მარჯვენა ფეხსაცმელზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ობიექტებსა და დაზარალებულის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც გენეტიკური პროფილის მიხედვით, მამის სისხლის იდენტურია. შვილის ორივე ხელიდან აღებულ ანაწმენდებსა და ფრჩხილებზე სისხლი არ აღმოჩნდა.

მოსამართლის დასკვნა

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.

დაზარალებულმა თავის სხეულზე არსებული დაზიანებები ოთახში შესვლისას სიბნელეში წაქცევითა და ბასრი პირის მქონე ნერგის წნელებზე დაცემით ახსნა. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაზარალებულის განმარტებას, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმეთა ჩვენებებით, წნელების შემთხვევის ადგილზე არსებობის ფაქტი არ დასტურდება.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილას რაიმე მჭრელი, ბასრი საგანი ან/და წნელები არ დაუნახავს.

ექსპერტმა განმარტა, რომ მამაკაცს ნაკვეთი ჭრილობები ჰქონდა, რომელიც შეიძლება იყოს მჭრელი საგნით, მათ შორის, დანით მიყენებული.

პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს დაზიანებების სიმრავლეზე, მათ ლოკალიზაციასა და ზომებზე, რომელიც აგრეთვე საეჭვოს ხდის დაზარალებულის წნელებით დაზიანების ფაქტს, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღენიშნებოდა: ორი ნაკვეთი ჭრილობა მუცელში, სამი, გულმკერდის არეში, ერთი, კისრის მიდამოში და მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები - სხეულის სხვადასხვა მიდამოში, სხვადასხვა, მათ შორის 5X0.5, 4X1, 3.5X1 ზომებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაზიანებების მიუხედავად, მამაკაცს არ სურდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

განაჩენი

პალატის წევრები თვლიან, რომ საქმეში წარმოდგენილი ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებები საეჭვოს ხდის და ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას მის სხეულზე მრავლობითი დაზიანების წარმოშობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება უტყუარად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მამის ჩვენება მიმართულია ოჯახის წევრის, შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.


საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საქმის მასალათა თანახმად, ბრალდებული ხასიათდება დადებითად. ამასთან, გაითვალისწინეს, რომ მამაკაცს დროული სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული ქმედების სასჯელის ზომის მინიმუმი საკმარისი იქნება ბრალდებულის გამოსწორებისა და რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები