ახალი ამბები
გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" მანქანები ტვირთებს ვერ უძლებს
გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" კუთვნილ 10-მდე მანქანას საბურავების გამოცვლა ჭირდება. ძველი საბურავები ტვირთამწეობას ვერ უძლებს, რის გამოც, სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დარღვევის საშიშროების წინაშე დგანან.

დღეს არსებული მდგომარეობით მანქანების საბურავები 2 ტონა მასალაზეც სკდება.

საბურავების მიმწოდებელი კომპანია ,,ჯეო თაიერს" გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" ადმინისტრაციას არაჯანსაღი კონკურენციის გამო, უჩივის. ამის თაობაზე, დღეს შესყიდვების სააგენტოში დაპირისპირებულ მხარეებს მოუსმინეს.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ,,კეთილმოწყობის სააგენტო" უპირატესობას კონკრეტულ კომპანიას ანიჭებს, ხოლო, ,,ჯეო თაერზს", რომელიც უკეთესი ხარისხის საბურავებს სთავაზობს, დისკვალიფიკაციას აძლევს. დისკვალიფიცირებული კომპანია შესყიდვების სისტემაში უარყოფითი იმიჯით სარგებლობს.

საქმე იმაშია, რომ გორის კეთილმოწყობის სააგენტომ 40 ცალი საბურავის შესყიდვა გადაწყვიტა, რომლის ტვირთამწეობის ინდექსი არანაკლებს 136K უნდა ყოფილიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ საბურავი უნდა უძლებდეს 2500 კგ-მდე წონას. კომპანია ,,ჯეო თაიერზმა" კი, სააგენტოს 144/142K ინდექსის საბურავები შესთავაზა. შეთავაზებული საბურავი კი 2800 კგ უძლებს.

,,სწორედ, მაგაშია საქმე, რომ ჩვენ უკეთესი ვარიანტი შევთავაზეთ. სააგენტომ კი, დისკვალიფიკაცია მოგვცა ყოვლად გაუგებარი მიზეზის გამო," - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ნიკოლოზ ჭკუასელი. ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" წარმომადგენელი თამარ მძინარაშვილი ამბობს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმებს ვერ გადაუხვევენ, შესაბამისად, ისინი კანონიერად მოიქცნენ.

,,ჩვენ არ გვაქვს უფლება ნებისმიერ დროს შევცვალოთ სატენდერო მოთხოვნა. ამის შესახებ დღეს შესყიდვების სააგენტოშიც ვისაუბრე. გადაწყვეტილება ჯერ გამოუტანიათ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, იმიტომ, რომ მანქანებს ჭირდება ახალი საბურავები" - ამბობს თამარ მძინარაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები