ახალი ამბები
ცხინვალის მედიის ცნობით, საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი 19 და 20 აპრილს გამყოფი ხაზის სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა დააკავეს.

1987 წელს დაბადებული და გორში მცხოვრები 31 წლის იოსებ დვალიშვილი 19 აპრილს, სოფელ ღრომის სიახლოვიდან (მეჯვრისხევი), ხოლო 66-წლის აკაკი მისირელი სოფელ ქერედან 20 აპრილს, წაიყვანეს.

აპრილის თვეში, ოფიციალურად, დაკავების სულ 6 შემთხვევა ფიქსირდება. თითოეული დაკავებული გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქონელს მწყემსავდა

2 აპრილს, სოფელ ჯარიაშენთან, 77-წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს.

7 აპრილს - 69-წლის ელდარ გუნდიშვილი და 35 წლამდე ასაკის თემურ ყაზიევი დააკავეს.

17 აპრილს სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე წაიყვანეს, ყველა მათგანი, ცხინვალის მედიის ცნობით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

19 აპრილს იოსებ დვალიშვილი სოფელ ღრომთან, ხოლო 20 აპრილს აკაკი მისირელი სოფელ ქერესთან დააკავეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებულებს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები