ახალი ამბები
ნიქოზის საბავშვო ბაღში ბავშვმა ხელი მოიტეხა
2018 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ, დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო სულ 5 საქმეზე. აქედან ორი დირექტორი დასაჯეს, ხოლო 3-ს გაფრთხილება მისცეს.

მონიტორინგის სამსახურის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ნიქოზის საბავშვო ბაღის დირექტორმა არაჯეროვანი ყურადღება გამოიჩინა სასწავლო პროცესის მიმართ. აღნიშნულ ბაღში აღსაზრდელი ჯგუფიდან გაიპარა, ეზოში ატრაქციონზე ავიდა, ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა.

მკაცრი სახდელი დაედო კიდევ ერთ საბავშვო ბაღის დირექტორს. მის მიმართ საჩივარი გორის მერიაში შევიდა, რომლის მიხედვით, დირექტორსა და მშობლებს შორის, შეურაცხმყოფელ მიმართვებს აქვს ადგილი.

რაც შეეხება გაფრთხილებებს, შედარებით მსუბუქი სასჯელი სამ დირექტორს დაეკისრა. ერთ-ერთმა დირექტორმა კარგ ამინდში გამათბობელი ჩართო. მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მზიან ამინდში, ფანჯრებგაღებულ ოთახში გათბობა იყო ჩართული. გაფრთხილება მისცეს რესურსების არამიზნობრივად გამოყენების გამო.

მეორე დირექტორი სააგენტოს ხელმძღვანელს და მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ადგილზე არ დახვდა, თანაც ორჯერ. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ იცოდნენ პედაგოგებმაც.

რაც შეეხება ქალაქში არსებულ ბაღებს, ქალაქის ერთ-ერთი ბაღის დირექტორმა საყვედური დაიმსახურა იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის ეზოში თავახდილი ჭის შესახებ, არ აცნობა დროულად სააგენტოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები