ახალი ამბები
ნიქოზისა და ხვითის მოსწავლეებისთვის ჭრა-კერვის კურსები დააფინანსეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის სკოლის 16 მოსწავლე ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის. სასწავლო ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლაში გაიხსნა.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 4 300 ლარით აფინანსებს. მოსწავლეები შეკერავენ საეკლესიო დანიშნულების ტანსაცმელს, მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში და დაამზადებენ სასაჩუქრე ნივთებს. ხალხური რეწვის განვითარების მიზნით, მიმდინარე პროექტის საფუძველზე, სკოლის დირექცია გეგმავს საკერავი ქსოვილების ადგილზე წარმოებასაც.

პროექტის მიზანია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, შეიქმნას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პროფესიის შესწავლისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი გარემო.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჭრა-კერვის წრის გარდა კიდევ 5 პროექტი ფინანსდება, მათ შორის, ტრადიციული კერამიკისა და ტიხრული მინანქრის შემსწავლელი წრეები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები