ახალი ამბები
მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხინვალის მილიციას ჩაბარდა
ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო არცევის მკვიდრი, 33-წლის მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურას ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ვიაჩესლავ კაზიევი საკუთარ სოფელში გამოჩნდა, მანამდე, მას ოფიციალურად მილიცია ეძებდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე იმალებოდა.

მარეკ დუდაევი 2018 წლის 16 იანვარს სოფელ ზემო არცევში მოკლეს. დუდაევის ყოფილი მეუღლე მარფა ვაზაგოვა მკვლელობას შურისძიებას უკავშირებდა. მისი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს წარსულში მარეკთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა რა კონფლიქტი, არ ახსენა.

,,მკვლელს ეშინოდა მარეკის, მივიდა ფერმაში და უკნიდან ესროლა" - განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს.

დუდაევს სამი ტყვია ესროლეს, ორი - თავში აქვს მოხვედრილი. ცხედარი ყოფილი კლუბის შენობაში ნახეს.

სოფელი არცევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს ემიჯნება.

მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა, დივერსიული აქტის მოწყობის ბრალდებით, დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და 2013 წელს დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები