ახალი ამბები
გორიჯვარზე მსხვერპლშეწირვის ტრადიციას მოძღვარი სახეშეცვლილ რიტუალს უკავშირებს
დღეს, 6 მაისს, გორიჯვარზე გიორგობა აღნიშნავენ. წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში,შუაღამიდან, მომლოცველების რაოდენობა არ წყდება

ავტომანქანების მოძრაობას 3 ადგილზე პოლიცია აკონტროლებს. მრევლის ნაწილი სალოცავად მიდის, ნაწილს კი, ამავე დროს, წმინდა გიორგისთვის შეთქმული საკლავი მიაქვს.

ეკლესიის მოძღვარი, მღვდელმსახური მამა გიორგი (კარელიძე) ამბობს, რომ მსხვერპლშეწირვის ტრადიაცია სახეშეცვლილი რიტუალია, რომელსაც წინაპრები საუკუნის წინ ასრულებდნენ.

კერძოდ, მისი თქმით, გორიჯვრის ეკლესიაში ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ურმებით მიდიოდნენ. ხანგრძლივი მგზავრობის გამო, მოჰქონდათ საკლავი. მოჰქონდათ ორი - ერთს ეკლესიისთვის, მეორეს ადგილზე ამზადებდნენ საკვებად.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. ის ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. 

იხ. ფოტორეპორტაჟი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები