ახალი ამბები
მაზნიაშვილის იუბილეზე დასასწრებად კასპის პირველმა პირებმა ვერ მოიცალეს
6 მაისს, გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში, საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის დაბადებიდან 146 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას გენერალ მაზნიაშვილის ნათესავები - გლურჯიძეები ესწრებოდნენ.

სოფელ სასირეთში გამართულ ღონისძიებაზე არ მივიდნენ კასპის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი პარლამენტარი. კასპის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი გივი მელაძე ამბობს, რომ ყველაზე ზემდგომი ორგანო ღონისძიების შესახებ, საქმის კურსში იყო.

,,ჩვენ სამუშაო გეგმას წინასწარ ყოველთვის ვუგზავნით ჩვენს ზემდგომებს. როგორც ვიცი, იყო რაღაც საკითხები, რის გამოც ვერ მოახერხეს მოსვლა," - აცხადებს მუზეუმების გაერთიანების სამსახურის უფროსი. მის გარდა, გენერლის იუბილეს ესწრებოდა კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩადუნელი.

6 მაისს სოფელ სასირეთში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "აისი".

კასპის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაზნიაშვილი არც მაშინ გაიხსენეს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 98 წლისთავი აღინიშნებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები