ახალი ამბები
351 შინმოუსვლელი რუისელი
მიმდინარე წელს, სოფელ რუისში, უკანასკნელი ვეტერანი, სპარტაკ (გოგი) გურასპაშვილი დაიღუპა. ის ერთ-ერთი იმ 700 ჯარისკაცთაგანი იყო, რომელიც 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს.

ომის დამთავრების შემდეგ, სოფელში ვერ დაბრუნდა 351 ჯარისკაცი. სწორედ, ამის გამო, ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ,,შინმოუსვლელი ჯარისკაცის" ძეგლი დადგეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძეგლის გარშემო კედელზე ყველა დაკარგული რუისელის სახელი და გვარი იყო გაკეთებული. დღეს მონუმენტის ძირითადი ნაწილი დაზიანებულია. ძეგლი კი, კვლავაც ამაყად დგას და ავტობანიდან ჩანს. 



,,რუისიდან დიდ სამამულო ომში 1941-45 წლებში გაწვეულ იქნა 700 რუისელი ახალგაზრდა ვაჟკაცი. მათგან 351 უკან აღარ დაბრუნებულა. დაბრუნებულთა უმრავლესობა იქ მიღებული ჭრილობებისა და ტრამვების გამო თანდათან იღუპებოდნენ. რუისში 2002 წლისათვის მხოლოდ 24 ვეტერანი იყო ცოცხალი. წელს, 4 თებერვალს კი უკანასკნელი ვეტერანი ბატონი სპარტაკ (გოგი) გურასპაშვილი გარდაიცვალა." - ამბობს რუისის საკრებულოს ყოფილი ხელმძღვანელი (2002-2006 წწ) ვლადიმერ ბუზიაშვილი.

ფოტო, 2002 წელი, ლადო ბუზიაშვილი ვეტერანებთან



,,რუისის საკრებულო და გამგეობა 2002-2006 წლებში ომის მონაწილეებს ყოველთვის ულოცავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს. იწვევდა მათ საკრებულოში, უმართავდა საზეიმო ღონისძიებებს და გადასცემდა სიმბოლურ საჩუქრებს, შემდეგ კი იშლებოდა სუფრა და ერთად იგონებდნენ საქართველოსთის ყველა ომში დაღუპულ ვაჟკაცებს." - იხსენებს ლადო ბუზიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები