ახალი ამბები
გორის თეატრის ეზოში ,,საკლუბო სპეცოპერაციების" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ
დღეს გორის თეატრის ეზოში საპროტექსტო აქცია იგეგმება, სადაც თბილისის კლუბებში ,,ბასიანსა" და,,გალერიში" წუხელ განხორციელებულ სპეცოპერაციებს გააპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფის წევრები ავრცელებენ.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ლექსო ვალიაური ამბობს, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში.

,,ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა!



საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავთა მიზანი ე.წ “ნარკორეალიზატორების” დაკავება გახლდათ, მაგრამ ეს ტყუილია! კარგად გვახსოვს, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს.

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ერთობლივი პრევენციული განცხადება საკლუბო სცენის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ყველას ბოლომდე გვჯეროდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა კეთილგონიერება და ამ სამარცხვინო ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით.

ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად!

შემოგვიერთდით დღეს, 15:00 საათზე გორში, ერისთავის თეატრის წინ!" - აღნიშნულია განცხადებაში.



შსს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე ვიდეომასალას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, „რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი“.

კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ნარკორეალიზაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერები

Print

სტატიის გამოყენების პირობები