ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში დათესილ ბოსტნეულ კულტურებს შორის ნიორი ჭარბობს
გორის მუნიციპალიტეტში, ხახვისა და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების დარგვას 1000 ჰა-ზე ელოდებოდნენ. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ნიორს 700 ჰა უკავია.

ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარული კომისიიდან გვაცნობეს. კომისიამ მონაცემები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრიდან მიიღო.

საშემოდგომო და საგაზაფხულო თესვის პროგრამით და წინასწარი პროგნოზით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სამუშაოები 18 000 ჰექტარზე უნდა მიმდინარეობდეს.

საკონსულტაციო ცენტრის ცნობით, დაგეგმილია, რომ საშემოდგომო და საგაზაფხულო ქერი 5000 ჰა-ზე, ლობიო 2000 ჰა-ზე, სხვადასხვა ბოსტნეული და მრავალწლიანი ბალახები კი, 1000 ჰა-ზე იყოს მოყვანილი.

,,მიმდინარეობს ნიადაგის ხვნის, სასუქების შეტანის სამუშაოები, თესლების შემოტანა, ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა." - აღნიშნავენ კომისიაში.

2018 წლის მარტსა და აპრილში საგაზაფხულო ქერი უკვე 5000 ჰა-ზე, სიმინდი, 1000 ჰა-ზე, საგაზაფხულო ხორბალი 200 ჰა-ზე, შვრია 100 ჰა-ზე, ნიორი კი, 700 ჰა-ზე დაითესა.

,,მიუხედავად ამისა, ტყვიავის, ახალუბნის, მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოების სოფლებში შეინიშნება ტექნიკისა და მისაბმელი მანქანა-იარაღების ნაკლებობა. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ საგაზაფხულო თესვის სამუშაოები აგროტექნიკურ ვადებში ჩატარდეს." - აღნიშნავენ კომისიაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები