ახალი ამბები
დიცელი ილია ბერუაშვილი ოკუპირებულ მიწად მიჩნეულ ნაკვეთს დაირეგისტრირებს
2018 წლის 16 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ილია ბერუაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, რომლის იურისტები ილია ბერუაშვილის ინტერესებს იცავდნენ.

ილია ბერუაშვილმა სასამართლოს 2018 წლის 8 იანვარს მიმართა. განცხადების მიხედვით, მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოსთხოვა და წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

თავდაპირველად, სამსახურმა უარი განაცხადა უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც, ასევე, უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ ილია ბერუაშვილის მიწის ნაკვეთი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ შეიძლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

,,აღსანიშნავია, რომ ილია ბერუაშვილის მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით არ არის ოკუპირებული, მდებარეობს საოკუპაციო ზოლისა და ბანერის აქეთ. მას არ ექმნება არავითარი პრობლემა მის მოვლასა და დამუშავებისას. ნაკვეთზე, როგორც დე ფაქტო ისე დე იურე იურსიდიქციას ახორციელებს საქართველო. მიუხედავად ამისა, სარეგისტრაციო სამსახური დაუსაბუთებლად უარს აცხადებდა უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე." - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ილია ბერუაშვილის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი 2017 წლის აპრილში მოამზადა.

დიცელი ,,მეციხოვნე" (PHOTO/VIDEO)


Print

სტატიის გამოყენების პირობები