ახალი ამბები
საგზაო კომპანია გორის მერიას კორუფციული მიდგომების გამო უჩივის
კომპანია ,,სეივ როუდის" დირექტორი გორის მერიას დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ერთი კვირის წინ გამოცხადებული ტენდერის პირობები მორგებულია ვიღაცის ინტერესებს. ამის თაობაზე საჩივარი საქართველოს შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 15 მაისს გაიგზავნა.

საჩივრის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ, აპრილსა და მაისში, საგზაო მშენებლობების კუთხით ჩატარებული ტენდერების შედეგებიც ამის ნათელი მაგალითია.

საქმე ეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ხვითში გამოცხადებულ ტენდერს, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა. აღნიშნული ტენდერისთვის 682 500 ლარია გამოყოფილი. გორის მერია ითხოვს, რომ გამარჯვებულ კომპანიას შესაბამისი ტექნიკის ნახევარი საკუთრებაში  ჰქონდეს.

  • ,,ჩვენის აზრით აღნიშნული მოთხოვნა არის დისკრიმინაციული და მორგებულია ვიღაცის ინტერესებს. თუ ჩვენს ორგანიზაციას აქვს შესაბამისი გამოცდილება და შესრულებული აქვს სატენდერო ღირებულებაზე მეტი ღირებულების ობიექტი, რატომ უნდა გააჩნდეს საკუთრებაში მოთხოვნილი ტექნიკიდან 50 % ტექნიკა? ანუ რომელიღაც ორგანიზაციას საკუთრებაში ყავს აღნიშნული ტექნიკა და იმაზეა მორგებული წინამდებარე ტენდერი? ჩვენ გვირჩევნია მაგალითად ტექნიკის შეძენას მოგებიდან მიღებული თანხა ჩავდოთ ინტელექტუალურ განვითარებაში და მოვიძიოთ შესაბამისი კადრები და მივაღებინოთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე დავნერგოთ ახალი მეთოდები,და თუ მე დაქირავებული ტექნიკით ვასრულებ 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს, რატომ ვერ შევასრულებ წინამდებარე ობიექტს დაქირავებული ტექნიკით? იჯარა და ქირა ხომ სარგებლობის ერთ-ერთი ფორმაა? რა ლოგიკაა ჩადებული?" - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

მისი მოთხოვნაა, რომ მერიამ სატენდერო პირობები შეცვალოს.

  • ,,აღნიშნული მოთხოვნა თავისთავად ქმნის არასასურველ და არაჯანსაღ კონკურენციის პირობებს. და თუ გადავხედავთ გორის მუნიციპალიტეტის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებულ ტენდერებს, ცალსახაა თუ რა ფასში იგებენ ორგანიზაციები და რომელი ორგანიზაციები ესეც გასაგებია (საგზაო მშენებლობაში). ვითხოვთ, რომ შეიცვალოს ჩანაწერი და ტექნიკის საკუთრების ნაცვლად ჩაიწეროს სარგებლობაში, რადგანაც იჯარით, ან ქირავნობით აღებული ქონება თავისთავად მოემსახურება ობიექტს." - გამარტავს კომპანიის დირექტორი.

გორის მერიას დაევალა, რომ საჩივრის თაობაზე, საკუთარი განმარტება გააკეთოს. ჯერ-ჯერობით, გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში არ მიუღიათ.

,,სეივ როუდმა" ანალოგიური ტიპის საჩივარი კასპის მერიას წინააღმდეგაც დაწერა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა გუშინ გამოაქვეყნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები