ახალი ამბები
ერედვის პოლიციის უფროსი ხურვალეთის დასახლებაში სტუმრად მიმავალ ახალგაზრდას დაეჯახა
დღეს, სოფელ ხურვალეთთან 23-წლის ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლი გორის შს სამმართველოს ერედვის განყოფილების უფროსი აღმოჩნდა.

ტელეკომპანია ,,იმედის" ცნობით, სოფელ დიცში დაბადებული მამაკაცი ავტობანიდან დევნილთა დასახლებაში ფეხით მიდიოდა. ფოტოს ასევე ტელეკომპანია ,,იმედი" ავრცელებს.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვლილია პირველი კლასის რიგითი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 18 მაისს სოფელ ახალი ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები