ახალი ამბები
,,ღამე შიდა ქართლის მუზეუმებში" VIDEO
19 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, შიდა ქართლის მასშტაბით, გაიმართა აქცია ,,ღამე მუზეუმში“. მრავალფეროვანი სანახაობებით უფლისციხის და სტალინის მუზეუმები გამოირჩეოდა.

კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ აქციაში, წელს, სხვადასხვა მუზეუმებიც ჩაერთო. მათ შორის, ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის, სასირეთში - გენერალ მაზნიაშვილის, ლამისყანაში - ჯამბაკურ-ორბელიანების და ა.შ. სახლ-მუზეუმების წარმომადგენლებიც.

უფლისციხე

უფლისციხის ,,ღამის მუზეუმში“ ლატვიელი ბიზნესმენი, ქალბატონი ინიტაც მივიდა. ის საქართველოში საქმიანობს და ამბობს, რომ უფლისციხეს მეხუთედ ესტუმრა:

,,აქ ოთხჯერ ვარ ნამყოფი, მეხუთედ კი, ღამე მოვედი. ჩვენს ქვეყანაშიც ტარდება ანალოგიური სახით აქცია და მე ძალიან მომწონს“- ამბობს ინიტა.

ისტორიულ ქალაქში წარმოდგენა გორის თეატრის დასის და ფოლკლორულმა ანსამბლების წევრებმა გამართეს. ფაქტობრივად, ქალაქ გორის შემოქმედებითი გუნდები სრული შემადგენლობით უფლისციხეში წარსდგა.



სტალინის სახლ-მუზეუმი

სტალინის მუზეუმში, სპეციალურად, ცნობილი ქართველი პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი მიიწვიეს.  მუზეუმის წინ, სტუდია ,,იბერიის" ახალგაზრდულ-შემოქმედებითმა ჯგუფებმა კონცერტი გამართეს. პატრიოტულ ლექსებს ქართული და უცხოური ცეკვები ენაცვლებოდა.

 



ხოვლე - ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში წარმოდგენები დღის 4 საათზე გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტის დამაარსებლის სახლის ეზოში  მოსწავლეებმა  წარმოადგილეს დადგმა  ,,გლეხი საჯავახოში". მუზეუმის დირექტორის თქმით, ოთახები ვერ გაანათეს, რადგან ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა.




გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი - სასირეთი (თელიანი)

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში მოსახლეობამ შეკრება საღამოს 20 საათიდან დაიწყო. კარგად განათებულ ოთახებში ლექცია ჩატარდა. მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ სოფლის ანსამბლი ,,აისი" ტურნედან  23 საათზე დაბრუნდებოდა და შეუერთდებოდა მონაწილეებს.


















ლამისყანა

ლამისყანაში ძირითადი წარმოდგენები დღის საათებში გაიმართა. დაღამებისას კი, სკოლის მოსწავლეები ლექსებით გამოვიდნენ. მუზეუმის ეზო ვერ გაანათეს, რადგან კეთილმოწყობის სამსახურს განათების სამუშაოები არ ჩაუტარებია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები