ახალი ამბები
გორის ვიცე-მერი და ,,თრიალეთის" ჟურნალისტი მორიგდნენ
გორის მერის მოადგილე გელა კაპანაძე ,,თრიალეთის" ჟურნალისტს ბოდიშს იმ ინტერვიუს გამო უხდის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ადგლობრივ მედია საშუალებებს - ტელეკომპანია ,,დიას" და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისცა.

აღნიშნული ინტერვიუ 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ეხებოდა 21 სექტემბრის ინციდენტს, რომელიც ,,ქართული ოცნების" ოფისში მოხდა. ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტმა გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის მოადგილე იმ დროს ჩაწერა პარტიის ოფისში, როდესაც სამუშაო საათები იყო.

ამის გამო, გელა კაპანაძე ფულადი თანხით დაჯარიმეს. საპასუხოდ, მან, გორის საოლქო კომისიაში წერილობითი განცხადება შეიტანა, სადაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა მალხაზ მიქელაძემ პროვოკაცია მოუწყო, რადგან ოფისში, სწორედ, ჟურნალისტის თხოვნით მივიდა. კაპანაძემ იქვე აღნიშნა, რომ მალხაზ მიქელაძე მისი ტელეკომპანიის მფლობელის, ბადრი ნანეტაშვილის ინტერესებს ატარებდა. ბადრი ნანეტაშვილი ,,შენების მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერია.

გელა კაპანაძემ იგივე განცხადება მედიასაშუალებებთან ინტერვიუს დროსაც გააკეთა. ჟურნალისტმა მალხაზ მიქელაძემ კი სასამართლოში უჩივლა. ჟურნალისტმა, ბოდიშის მოხდასთან ერთად, მოითხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხა 3 ათასი ლარის ოდენობით.

გორის მოსამართლემ მხარეებს მორიგება შესთავაზა. მალხაზ მიქელაძემ განაცხადა, რომ თუ გელა კაპანაძე მის წინაშე იმავე მედიების საშუალებით ბოდიშს მოიხდიდა, უარს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე იტყოდა. გელა კაპანაძე ამ მოთხოვნას დათანხმდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები