ახალი ამბები
ფოტოილუსტრაცია დამოუკიდებლობის იდეის გააზრებისთვის
გორის ,,ოკუპაციის მუზეუმში" ირაკლი ხვადაგიანმა ახალგაზრდა მსმენელებს ის ფოტო აჩვენა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი და, შემდგომ, ამ აქტის აღდგენის ასევე ხელმომწერები არიან გამოსახული. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ამ ფოტოს მე-20 საუკუნის ფოტოილუსტრაცია უწოდა.

ფოტოზე 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, გიგო ნათაძე შვილიშვილებთან - ნოდარ და მაია ნათაძეებთან ერთადაა. როდესაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ნოდარ და მაია ნათაძეები ეროვნული საბჭოს წევრები იყვნენ. აღდგენის აქტს, სწორედ, მათაც მოაწერეს ხელი. 

21-დან 25 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან პარტნიორობით, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეულს მართავენ, რომლის ფარგლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თემატური შეხვედრები ტარდება.

სპიკერები პრეზენტაციებს და საჯარო განხილვებს ისეთ საკითხებზე აწყობენ, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია 1918 წლამდე, კონსტიტუციის მნიშვნელობა და ისტორიული რაკურსი, განათლების სისტემა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება, თვითმმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. დისკუსიებზე და სემინარებზე, ამჟამინდელ რეალობასთან მიმართებაში, იმდროინდელი რეალობის და მოვლენების ანალიზი.

ღონისძიებები საქართველოს 9 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა) ტარდება.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები