ახალი ამბები
გორის მუსიკალურ სასწავლებელში ჯემალ ბეგლარიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება
ქალაქ გორის, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან კომპოზიტორ ჯემალ ბეგლარიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიაში 14 მაისს მიიღეს.

მემორიალურ დაფის მომზადებას, მერიის დაკვეთით, კულტურისა და ხელოვნების აღორძინების შიდა ქართლის ფონდი, დავით ქიტიაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს. დაფა საზეიმო ვითარებაში 30 ივნისამდე გაიხსნება. 

ჯემალ ბეგლარიშვილი 77-წლის ასაკში, გასულ წელს, გარდაიცვალა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს.

ქ. გორის სამუსიკო სასწავლებელში 1965 წლიდან (51 წლის მანძილზე) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (თეორიული საგნები). 

შექმნილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სიმებიანი კვარტეტი, საბავშვო საფორტეპიანო პიესების ციკლი(1976); ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "ორი მონოლოგი" მთხრობელის, სოპრანოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1977), "ფრესკები" ვოკალური ციკლი მეცო–სოპრანოს, ფორტეპიანოსა და ზანზალაკებისათვის(1978); საგუნდო ნაწარმოებები – ქალთა გუნდისათვის ა–კაპელა (1969–1982წწ.); მუსიკა სპექტაკლებისათვის (ქ. გორის დრამატული თეატრი).
Print

სტატიის გამოყენების პირობები