ახალი ამბები
,,საქმის გარჩევა" სატყეოს უფროსსა და სოფლის დეპუტატს შორის სტატიის გამო

 

 

 

 

 

 

,,ბარნოვმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, პოლიციაში ორივე მოგვიყვანეს. მეუბნებოდა, თუ რატომ ვილაპარაკე ასე საკრებულოს სხდომაზე" - გვითხრა ბეჟიტაშვილმა დაკითხვამდე. დაკითხვის შემდეგ კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა: ,,არაფერი მომხდარა ისეთი, პატარა გაუგებრობა იყო" - განმარტა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

 

სოფელში მომხდარ ინციდენტს გაუგებრობას უწოდებს თვით მალხაზ ბარნოვიც. პოლიციის მისაღებში კი გვითხრეს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ შეტყობინება ორივე მათგანისგან შევიდა. ბარნოვიც და ბეჟიტაშვილიც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სატყეო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე და რაიონის განყოფილების უფროსი 2014 წლის 10 ნოემბერს კასპის საკრებულოში  საკრებულოს წევრებს  შეხვდნენ. შეხვედრა იმ ვითარებამ დააჩქარა, რაც ბოლო პერიოდში, ტყე-კაფებთან დაკავშირებით, არსებობს.


2014 წლის 10 ნოემბრის შეხვედრაზე ვახტან ბეჟიტაშვილმა სატყეოს უფროსი მალხაზ ბარნოვი რამდენიმე წლის წინ ტყის უნებართვო ჭრებთან დაკავშირებით გულგრილობაში და მფარველობაში დაადანაშაულა.

 

პირველადი ინფორმაციით, 19 ნოემბერს სოფელში გავლისას მალხაზ ბარნოვი და ვახტანგ ბეჟიტაშვილი ერთმანეთს გადაეყარნენ და საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ ფრაზებზე შეკამათდნენ. საკრებულოს 10 ნოემბრის სხდომას, მალხაზ ბარნოვის ნაცვლად, ბარნოვის მოადგილე და რაიონის სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.

 

შეგახსენებთ, მალხაზ ბარნოვი 2012 წლის ოქტომბრამდე კასპის პოლიციის უფროსი იყო. იმ პერიოდში კოალიცია ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის უფროსი ოლეგ იაძე მალხაზ ბარნოვს აქტივისტების დევნაში ადანაშაულებდა.

 

რაც შეეხება ვახტანგ ბეჟიტაშვილს, 2013 წელს ის მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშნულ ოლეგ იაძეს ტელეფონის სროლაში ადანაშაულებდა. ეს ფაქტი მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში მოხდა. კასპის აწ უკვე ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე ამბობდა, რომ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მობილური ტელეფონი ბეჟიტაშვილს მუცელზე მოხვდა.

 

ფოტოებზე:


მალხაზ ბარნოვი,

ვახტანგ ბეჟიტაშვილი (მანქანაში)

გადაღებულია პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები