ახალი ამბები
რუსული დიპლომები გორის მერიაში
გორის მერს, კოტე თავზარაშვილს, საჯარო სამსახურში დასაქმებული იმ პირების საკითხის შესწავლას სთხოვენ, რომლებსაც რუსული დიპლომები გააჩნიათ. ამის შესახებ დღეს ადამიანური რესურსების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ირმა პაპიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმებულები არიან ისეთი ადამიანები, რომელთა დიპლომების ნამდვილობა კითხვის ნიშნებს აჩენს.

ირმა პაპიძე ამბობს, რომ საჯარო განცხადებამდე, ამის თაობაზე, თავის დროს ხელმძღვანელი პირები საქმის კურსში ჩააყენა, მიუხედავად ამისა, თავზარაშვილმა უპირატესობა რუსულ დიპლომის მქონე პირებს მიანიჭა.

ირმა პაპიძე ამბობს, რომ როდესაც სამსახურიდან მისი შვილი, ვერხვები-კვერნაკის დასახლების წარმომადგენელი ნიკა მიქაბერიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად ერთ-ერთი პირი, რუსუდან (ინგა) იმერლიშვილი დანიშნეს. რუსუდან იმერლიშვილს წარდგენილი აქვს 1991 წელს, ტიუმენის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი.

ინგა იმერლიშვილის თქმით, შესაძლოა, ირმა პაპიძეს ტიუმენის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი არ მოსწონს, მაგრამ ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ნამდვილია და ეს ნამდვილობა საჯარო სამსახურის ბიურომ აღიარა. პაპიძის განმარტებით, ასეთ სადავო შემთხვევებში, აუცილებელია, განათლების სამინისტროსთან არსებულმა აღიარების კომისიამ, შესაბამისი დასკვნა (დადებითი ან უარყოფითი) გასცეს.

,,სამწუხაროდ, გორის მერმა ეს პროცედურები არ გამოიყენა. არ მოითხოვა აღიარების კომისიის დასკვნა და სამსახურში ისეთი პირი დაასაქმა, რომლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გარკვევას საჭიროებს," - აცხადებს ირმა პაპიძე.

ირმა პაპიძე საჯარო სამსახურიდან 2017 წლის სექტემბერში წავიდა, საკუთარი ნებით. 21 სექტემბერს იგი ,,შენების მოძრაობას" შეუერთდა. ამჟამინდელ, პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო, გორის მერმა მისი შვილი გაათავისუფლა.

გორის მერიას საპასუხოდ ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები