ახალი ამბები
რა იარაღიდან ისვრიან მოზარდები გორში?!
გორში, მოზარდების მხრიდან იარაღიდან გასროლის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც გორის საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

პირველი შემთხვევა გორის ციხესთან რამდენიმე დღის წინ მოხდა. შეტყობინება საპატრულო პოლიციაში სწორედ იმ ღამით შევიდა, როდესაც ახალგაზრდები რესტორნიდან გამოვიდნენ, შემდეგ კი, იარაღიდან გაისროლეს.

იმ საღამოს სკოლის მოზარდები რესტორანში სწავლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. ადგილზე გამოძახებულმა პატრულის თანამშრომლებმა ტერიტორია მას შემდეგ მიატოვეს, როდესაც ორ მათგანს მიესალმნენ, რადგან ნაცნობები აღმოჩნდნენ.

შეტყობინების ავტორი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ნასვამი ახალგაზრდები მანქანაში ჩასხდნენ და წერეთლის გამზირზე, საპირისპირო ზოლის მიმართულებით წავიდნენ.

დღეს უკვე, ანალოგიური შემთხვევა მე-6 სკოლასთან დაფიქსირდა. მე-12 კლასის კურსდამთავრებულმა სკოლის დამთავრების აღნიშვნის მიზნით, ჰაერში ორჯერ გაისროლა.

გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, პატრულ-ინსპექტორ ლაცაბიძის განცხადებით, განყოფილებაში სროლასთან დაკავშირებით, არავინ მიუყვანიათ. არც მოწმის სტატუსით. იგივე განაცხადეს პატრულ-ინსპექტორმა ჭანტურიამ და კუთხაშვილმა.

რა სახის იარაღიდან ისვრიან მოზარდები, ამის შესახებ საპატრულო პოლიციაში განცხადებას არ აკეთებენ. პატრულის მორიგე თანამშრომლები (ლაცაბიძე, კუთხაშვილი, ჭანტურია) ამბობენ, რომ ეს საზოგადოებისათვის საინტერესო არაა. 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები