ახალი ამბები
რუსეთის სამხედროების მიერ დაკავებულ 22-წლის ახალგაზრდის გათავისუფლებას ოჯახი უკვე ელოდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მცხოვრები დავით კეპაშვილის ოჯახი 22-წლის გია კეპაშვილის გათავისუფლებას უკვე ელოდება. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს განუცხადეს.

ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აცნობეს, რომ ცხინვალის სასამართლომ, გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე, უკვე მიიღო.

,,როგორც მაცნობეს, სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღია, თანხაც გადაუხდიათ და გათავისუფლებასაც ველოდებით დღეს," - აღნიშნავს დავით კეპაშვილი. მისი განმარტებით, მავთულხლართების სიახლოვეს საკუთარი ბაღი აქვთ, სადაც გია კეპაშვილი საქონლის წამოსაყვანად მივიდა.

,,უკვე ბრუნდებოდა უკან, როგორც მითხრეს, და ამ დროს გამოკიდებიან რუსები' - ამბობს დავით კეპაშვილი.

ცხინვალის მედიის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა გია კეპაშვილი 24 მაისს სოფელ არცევთან დააკავეს. დაკავების ადგილას მავთულხლართებია და ფლაველები ამბობენ, რომ სამხედროები გია კეპაშვილის დასაკავებლად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიისკენ გადმოვიდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები