ეროვნული სააგენტოს ცნობით, მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდება. ამ ხარჯს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულად დაფარავს.
მესაკუთრეები საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. ამას გარდა, მათ სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებული ოქმები და სხვა დოკუმენტაციაც გადაეცემათ.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელია. აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
ქონების მესაკუთრეების თანადგომის და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტების პროექტი მესაკუთრისათვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებში წარიმართება.
სტატიის გამოყენების პირობები