ახალი ამბები
1921 წლის ემიგრანტების შთამომავლები მავთულხლართებთან
,,აქ ვართ ოთარი, გურამი, დარეჯანი, ქეთევანი... გულში, სულში, ყველა ქართველი" - გვითხრა მიხეილ-ვოდე მდივანმა, რომელმაც დღეს სოფელ ერგნეთისა და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვარი ნახა.

,,თურმე ეს ყოფილა საზღვარი! მე უკვე ძალიან მძულს ეს სიტყვა" - ამბობს ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენელი საფრანგეთში, რომლის მშობლები 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდნენ. მიხეილ-ვოდე მდივანი საფრანგეთში დაიბადა. მისი მამა საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრი იყო.

,,მას შემდეგ, ჩემი მშობლები ყოველ 26 მაისს გამოდიოდნენ ერთად, საფრანგეთში, და აღნიშნავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. მე ასეთ სიტუაციაში გავიზარდე. შემდეგ ეს ტრადიცია შთამომავლებმა, აგერ ვინც ვართ, მათ გავგრძელეთ. მხოლოდ, 27 წლის წინ, მოვახერხეთ საქართველოში ჩამოსვლა" - იხსენებს მიხეილ მდივანი.

მასთან ერთად საქართველოში 100-მდე ემიგრანტი ჩამოვიდა. ასეთი მასშტაბური ვიზიტი საქართველოს დემოუკიდებლობის 100-წლის იუბილეს მიეძღვნა. მათ შორის, იმყოფება ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელია ამ სათვისტომოსი.

მისი თქმით, სწორედ, იმ პროცესებს გადის საქართველო, რასაც საბჭოთა პერიოდში ემიგრანტები განიცდიდნენ საფრანგეთში - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.



,,თუ 20% ოკუპირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოა ოკუპირებული. ეს იგივე პროცესია, რისთვისაც ჯერ ჩვენი წინაპრები, შემდეგ ჩვენ, 70 წლის განმვალობაში, ვიბრძოდით" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

დელეგაციაში შედარებით ახალი თაობის ემიგრანტიც, პაპუნა ჩიხრაძეც იმყოფება, რომელსაც ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები ევალება. გვითხრა, რომ გარდა საოკუპაციო ზოლისა, ემიგრანტებმა სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარსაც მიუტანეს საჩუქრები:

,,ემიგრანტებმა შეაგროვეს თანხა პენსიონერთა თავშესაფრისთვის. დავუკავშირდით თავშესაფრის დირექტორს და გადავწყვიტეთ, რომ ფულადი თანხით დავხმარებოდით, ხოლო რაც ჭირდებათ, თავად შეეძინათ." - ამბობს პაპუნა ჩიხრაძე.

ემიგრანტები ჯერ სოფელ ხურვალეთში, შემდეგ კი, ერგნეთში წავიდნენ. მათთან ერთად ორგანიზაცია ,,ძალა ერთობაშია"-ს წევრებიც იმყოფებოდნენ. უსაფრთხოება შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს. 1921 წლის ემიგრაციის შთამომავლებმა საოკუპაციო ხაზამდე ხეხილის ბაღები გაიარეს.

ერთ-ერთ ხესთან საქართველოს დროშა ააფრიალეს. მიხეილ-ვოდე მდივანმა, სხვებთან ერთად, მრავალჟამიერი იმღერა. შეასრულეს ძველი და ახალი ჰიმნი. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები