ახალი ამბები
არინა თავაქარაშვილი: ,,პასუხი გავცეთ თანადგომით და ერთიანობით"
გორელი სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი ამბობს, რომ შვილმკვდარ დედას საზოგადოებამ პასუხი თანადგომით და ერთიანობით უნდა გასცეს. ამის შესახებ დღეს გორის თეატრის წინ მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დედას შვილს უკლავენ, ის ხმას ვერ იღებს. ასეთ დროს კი, მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა.

,,როდესაც დედასამშობლოზე და ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ ეს ადამიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ აღარ საუბრობს. როდესაც არაადამიანურად შვილს უკლავენ, სამართალი უნდა აღსრულდეს. პასუხი თანადგომით და სოლიდარობით უნდა გავცეთ," - განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ გამოძიება რეალურ დამნაშავეებს მფარველობს, რაც სასამართლო გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე საუბრობს ადვოკატი თამარ თედლიაშვილიც: ,,სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ გამოძიებამ არ გამოიკვლია რეალური გარემოება. სასამართლომ თქვა, რომ ამ მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არის სხვა ან სხვები." - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ორი ბრალდებულის მიმართ, რომელთაც თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო ბრალდებულ გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები