ახალი ამბები
დირბში გაუჩინარებული მღვდლის მანქანა და ტელეფონი ეკლესიასთან ნახეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის კვირაცხოვლის ეკლესიის წინამღვარი, მამა იოანე (ოხანაშვილი) დილის 7 საათიდან აღარავის უნახავს. გავრცელებული ცნობით, ის რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს.

დაკავების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ადასტურებს. უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავება დვანი-მუგუთის მიჯნაზე მოხდა, რომელიც საკმაოდ დაშორებულია იმ ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირი მსახურობდა.

სოფლის წარმომადგენელი სოსო ქვრივიშვილი ამბობს, რომ მოძღვარი ადგილობრივებმა დილის 7 საათზე ნახეს, შემდეგ კი, აღარ გამოჩენილა. ,,სავარაუდოდ, დვანისკენ წავიდა და შესაძლებელია იქ მოხდა დაკავება," - ამბობს სოსო ქვრიშვილი.

ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, რომ ფაქტი მართლაც უცნაურია: ,,ნახეს, რომ მანქანა და ტელეფონი ადგილზე, ეკლესიასთან. ეკლესია კი, საკმაოდ დაშორებულია გამყოფ ხაზთან. ალბათ, გაარკვევენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ყველაფერს" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

სუს-ის ცნობით, სასულიერო პირის დაკავების შესახებ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესუბლიკის უშიშროების სამსახურის დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, ე.წ. სასაზღვრო ზოლთან კონტროლი გაძლიერებულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ.

ქვემოთ ფოტოზე:

დირბის ეკლესიიდან გადაღებული ხედი, სადაც მთის ფერდობზე, გამყოფ ხაზთან მდებარე, სოფელ დვანის წმინდა გიორგის ეკლესია ჩანს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები