ახალი ამბები
პროტესტი ურბნისის საჯარო სკოლაში და სოფლის დეპუტატის ,,ინტერესი"

 

2014 წლის 21 ნოემბერს მარინა ნადირაშვილის მხარდამჭერი მშობლები, მათი ბავშვები და მხარდამჭერი პედაგოგები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. სკოლის ბავშვებმა ხელში ტრანსპარანტები დაიკავეს და თანამდებობაზე მარინა ნადირაშვილის დაბრუნება მოითხოვეს. ერთ-ერთი მშობლის თეა ხიზანიშვილის თქმით, მარინა ნადირაშვილის წინააღმდეგ, რაიონის საკრებულოში სოფლის მოსახლეობის არჩეული წევრი, ცირა ინდუაშვილი იბრძვის. ,,უშუალოდ, მის ინტერესში შედიოდა მარინას არარჩევა და, შესაბამისად, - რაიონის გამგეობის" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში თეა ხიზანიშვილმა.

მარინა ნადირაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.


სოფლის მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული დეპუტატის, ცირა ინდუაშვილის ინტერესი რომ მართლაც არსებობს ამ საქმეში, ეს იმით დადასტურდა, რომ ცირა ინდუაშვილი სამეურვეო საბჭოს წევრი აღმოჩნდა. მისი თქმით, შედეგებით უკმაყოფილო მხარემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ,,მასწავლებელი რომ იფურთხება და ილანძღება, ამაზე მე რა უნდა ვთქვა" - განაცხადა ცირა ინდუაშვილმა. 

 

,,სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ როდესაც გარკვეულმა პიროვნებებმა ხმაური ატეხეს, მე სკოლის დატოვებას ვაპირებდი. იქ ჩემი აზრი დავაფიქსირე, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები და წამოვედი. ამ დროს მომიბრუნდა ისტორიის მასწავლებელი და შემაფურთხა, ფუ, თქვენს დემოკრატიასო. აქტიურობდნენ სხვა მასწავლებლებიც და დამლაგებელიც კი. უცენზურო სიტყვებით მომმართავდნენ სკოლაში, სადაც ბავშვები იზრდებიან. ამ უცენზურო სიტყვებს ფანჯრებიდანაც ყვიროდნენ მასწავლებლები" - გვითხრა ცირა ინდუაშვილმა.

 

 

ცირა ინდუაშვილი სოფლის მაჟორიტარ წევრად 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ურბნისის მაჟორიტარული შედეგები ასეთი იყო: 18. (სალომე ზურაბიშვილის პარტია) როინ ლომიძე - 207 (36.38%); ხოლო 41. (,,ქართული ოცნება") -  ცირა ინდუაშვილი - 290 (50.97%)

Print

სტატიის გამოყენების პირობები