ახალი ამბები
ევრკავშირის მისია გამყოფ ხაზთან დაკავებულ პირთა სწრაფი გათავისუფლების ფაქტებს მიესალმება
2018 წლის 7 ივნისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი ავრცელებს.

პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რიგით 87-ე შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

შეხვედრა ელჩმა ბეხლერმა გახსნა, იგი ახალ მონაწილეებს მიესალმა და შეხვედრის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრისადმი პროფესიონალური მიდგომისათვის. მან განაცხადა, რომ პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში ჩატარებული 26 შეხვედრის შემდეგ, ეს იქნება მისი ბოლო შეხვედრა.

ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა 2018 წლის 15 მაისს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები. სხვა პოზიტიურ შედეგებთან ერთად თანათავმჯდომარეები მიესალმნენ რამდენიმე დაკავებული პირის სწრაფ გათავისუფლებას და ამ კონკრეტულ შემთხვევებში გამოჩენილ ჰუმანიტარულ მიდგომას.  ჰოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, მათ შორის რელიგიური მიზნებით გადაკვეთებთან დაკავშირებით, უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საარსებო გარემოზე. უსაფრთხოების მდგომარეობა ადგილზე შეფასდა, როგორც შედარებით სტაბილური და მშვიდი. თანათავმჯდომარეებმა ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებით ადრეული გაფრთხილებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას კვლავ განიხილეს ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემთხვევა. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს მისი სიკვდილის გარემოებების სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიების საჭიროებას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას. ასევე მოთხოვნილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ბაშარულის საქმესთან დაკავშირებით.

ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების გავლენასთან ერთად განხილულ იქნა ერთობლივი ქმედებები სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო საირიგაციო სამუშაოების საკითხები. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბალახის დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრების პრევენციის მიზნით ელჩმა ბეხლერმა წარადგინა არაოფიციალური დოკუმენტი. მხარეები ამ საკითხზე ტექნიკური შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების რეგულარულობის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 2018 წლის 10 ივლისს გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები