ახალი ამბები
უფლისციხესთან ის ადგილი დაასუფთავეს, სადაც ტურისტებმა ნარჩენები შენიშნეს
კომპანია ,,ემ ბი სი"-ს თანამშრომლები სოფელ ქვახვრელთან სპეციალური ავტობუსით მივიდნენ. მათ ის ადგილი დაასუფთავეს, სადაც ცოტა ხნის წინ უცხოელმა ტურისტებმა ნარჩენები შენიშნეს.

ნარჩენების თაობაზე ტურისტებმა გარემოსდაცვით ორგანიზაცია ,,სენ"-ს აცნობეს. ამის შემდეგ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ,,ემ ბი სი"-სთან ერთად, აქცია დაგეგმეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ეს ქვიშა-ხრეშოვანი გზა უფლისციხეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კულტურულ ძეგლებთან მოკლე მანძილით აკავშირებს, სადაც ბოლო პერიოდში ტურისტულმა კომპანიებმა მოძრაობა დაიწყეს.

პოლიეთილენის ნარჩენების გარდა, ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებიც ეყარა. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში გორის მერიამ ტერიტორიაზე ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლები სამშენებლო მასალების გასატანად გაგზავნა.

კამპანია - ,,გარემოს გულისათვის ‘’ მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანია ხორციელდება CENN-ის WMTR II პროგრამის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები