ახალი ამბები
გორში საბავშვო ბაღის მშენებლობას ახალი კომპანია გააგრძელებს
დღეს, გორის მერიამ, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის საწყისი ღირებულება 454 450 ლარია.

პირველი ტენდერის დროს, ბაღის მშენებლობისთვის 560 000 ლარი იყო გათვალისწინებული კომპანია ,,ინშაათ საქართველოს" კი, რომელიც მანამდე ასრულებდა სამუშაოებს, თანხა სრულად არ გადაუხადეს. ამის გამო, კომპანიის წარმომადგენლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

რაც შეეხება ახალ ტენდერს, პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს. თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მერიის ბიუჯეტიდან, თანადაფინანსების ფარგლებში, გამოიყო.

,,ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე, გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება." - აღნიშნავს მერის პრეს-სამსახური.

სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. ძველი შენობა გაიყიდა. სადგურის დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს. ამჟამად ქალაქ გორში 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.

იხ. ამავე თემაზე:

საბავშვო ბაღი უხარისხო ბეტონის კოლონების ქვეშ
Print

სტატიის გამოყენების პირობები